ძვირფასო კოლეგებო, 
პაციენტებო,
მეგობრებო,
ქალბატონებო და ბატონებო,

საქართველოს უროლოგთა ასოციაცია (სუა) მოხარულია გაცნობოთ უაღრესად სასიამოვნო ინფორმაცია. ჩვენ ვაფართოებთ ჩვენი სამეცნიერო-პრაქტიკული და საგანმანათლებლო მუშაობის არეალს. წელს პირველად ქართული უროლოგიის ისტორიაში, ჩვენი ყოველწლიური კონგრესი იქნება რეგიონული მასშტაბის და ჩატარდება კავკასია-ცენტრალური აზიის ქვეყნების შესაბამის ასოციაციებთან ერთად. მასში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი ქვეყნის დელეგაციები: სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და თურქმენეთი. კონგრესი ჩატარდება ევროპის უროლოგთა ასოციაციის ეგიდითა და აქტიური მხარდაჭერით.  

ისევე როგორც შარშან, ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება ევროპის უროლოგიის სკოლის სესია რომელიც მიეძღვნება ონკოუროლოგიის უაღრესად აქტუალურ საკითხს, კერძოდ, შარდის ბუშტის ინვაზიურ კიბოს მკურნალობას და შარდის დერივაციის პრინციპებს. 

წელს პირველად, ჩვენ გვეყოლება უროლოგიის საერთაშორისო ასოციაციის (International Continence Society, ICS) დელეგაცია, რომელიც ჩაატარებს საგანმანათლებლო სესიას უროლოგიის ისეთი მნიშვნელოვან პრობლემებზე, როგორიცაა პროსტატის ჰიპერპლაზია და მამაკაცის ქვედა საშარდე ტრაქტის სიმპტომები.

კონგრესის პროგრამა ძალიან მრავალფეროვანია. მასში დაგეგმილია მრგვალი მაგიდის, სატელიტური სიმპოზიუმისა და კლინიკური შემთხვევების ანალიზის ტიპის სესიები. 

მეორე დღის დიდი ნაწილი დაეთმობა ე.წ. „ცოცხალ ქირურგიას“, რომლის ფარგლებშიც, ევროპიდან მოწვეული წამყვანი ქირურგები, ქართველ უროლოგებთან ერთად, შეასრულებენ უმაღლესი სირთულის ოპერაციებს. დელეგატებს შესაძლებლობა ექნებათ საკონფერენციო დარბაზში, ლაივ რეჟიმში უყურონ ოპერაციებს და დასვან მათთვის საინტერესო შეკითხვები.  

ისევე, როგორც წინა ღონისძიებები, ეს კონგრესიც მულტიდისციპლინარულია. მასში მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი სპეციალობის წარმომადგენლები: უროლოგები, ონკოლოგები, რადიაციული ონკოლოგები, რადიოლოგები, ანდროლოგები, ნეფროლოგები, ტრანსპლანტოლოგები და სხვა მომიჯვანე სპეციალობების ექიმები. 

გელით ქართული უროლოგიის ამ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე!

საორგანიზაციო დეტალები კონგრესის შესახებ (ადგილი, პროგრამა, რეგისტრაცია და სხვა) გამოქვეყნდება უახლოეს მომავალში სუა-ის ფეისბუქ და ვებ გვერდებზე.

პატივისცემით,

▶︎ არჩილ ჩხოტუა  

კონგრესის პრეზიდენტი,
საქართველოს უროლოგთა ასოციაციის გენერალური მდივანი.

▶︎ დავით ნიკოლეიშვილი

კონგრესის სამეცნიერო და საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე,
სუა-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრი.